6 дек. 2008 г.

ჩემი სკოლა

საქართველოში ალბათ ძალიან ძნელია მოიძებნოს ისეთი სკოლები, რომლებიც საუკუნეს არიან გადაცილებულნი. გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა სწორედ რომ საუკუნეზე მეტი ხნისაა. იგი არც მეტი არც ნაკლები 134 წელს ითვლის. მას ძალიან დიდი, რთული და საკმაოდ ლამაზი ისტორია აქვს.
სკოლის წარმოშობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1875 წლის 8 იანვარს დადებითად გადაწყდა ამიერკავკასიაში სამასწავლებლო სემინარიის გახსნა. ასეთ ადგილად შეირჩა ქალაქი გორი, კერძოდ კი ამჟამინდელი მე-9 საჯარო სკოლის ტერიტორია.
1876 წლის 10 აპრილს, კავკასიის სასწავლო ოლქის მაშინდელი მზრუნველი ი. ნევეროვი მეფისნაცვალს ატყობინებდა, რომ, ქ. გორში სემინარიის ბინისათვის დაქირავებულია სახლი კაპიტან ზუბალაშვილისა, 10 წლის ვადით და თხოულობდა ნებართვას მასწავლებლების დანიშვნის შესახებ.
თავდაპირველად სემინარიის განკარგულებაში იყო ერთი ქვის ორსართულიანი სახლი - 11 ოთახით, ერთი ქვის ორსართულიანი ფლიგელი - 4 ოთახით და აშენების პროცესში მყოფი ერთსართულიანი სახლი - 8 ოთახით.
პირველი გაკვეთილი სემინარიაში ჩატარდა 1876 წლის 12 სექტემბერს. თავდაპირველად სემინარიაში მხოლოდ ორი ქართველი მასწავლებელი მუშაობდა.. სემინარიის პირველ დირექტორად კი დაინიშნა სპირიდონ დიმიტრის ძე დივარი.
გორის სამასწავლებლო სემინარიის გახსნას მაშინდელი ქართველი საზოგადოება დიდი კმაყოფილებით და სიხარულით შეხვდა. სემინარიის მიზანს წარმოადგენდა ამიერკავკასიის სკოლებისათვის კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადება. მართლაც, სემინარიამ თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, რამდენიმე ასეული მასწავლებელი გამოუშვა და ამით მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია თავის დროზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილო კავკასიის სკოლებს.
თავდაპირველად სემიანრიაში არ ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ დაწერა წერილი ,,ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”, რომელშიც წერდა: ,,გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებლისათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ენიჭება სხვათა შორის, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისთვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ თუ ვიტიროთ?”
1878 წლის ზაფხულში სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დივარის ნაცვლად დაინიშნა დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი. მისმა გულმოდგინე ზრუნვამ გორის სამასწავლებლო სემინარიის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. სასწავლებელმა მოსახელობაში თანდათან მოიპოვა ავტორიტეტი და სიყვარული. მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს შორის გულთბილი და ჰუმანური დამოკიდებულება დამყარდა. გაკვეთილები მაღალ დონეზე ტარდებოდა და მოსწავლეებს საფუძვლიან ცოდნას აძლევდა. სემიონოვის დირექტორობის დროს, 1979 წლის სექტემბრიდან სემინარიაში შემოღებული იქნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენების სწავლება. უფრო მეტიც, გაიხსნა ქართული, სომხური, და თათრული დაწყებითი სასწავლებლლები. ყველა ეს სასწავლებელი ერთკლასიანი იყო და თითოეული შედგებოდა სამი განყოფილებისაგან. ყოველ განყოფილებაში სწავლის ხანგრძლივობა თითო წელს უდრიდა. პირველ განყოფილებაში მოსწავლეები წერა-კითხვის შესწავლას მშობლიურ ენაზე იწყებდნენ და ამავე ენაზე მიმდინარეობდა მეცადინეობაც. შემდეგ განყოფილებაში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მშობლიური ენა აღარ ისწავლებოდა. მხოლოდ 27 წელი იარსება ქართულმა დაწყებითმა სასწავლებელმა.
სემიანარიაში სასწავლო წელი იწყებოდა ყოველი წლის სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის ივნისის პირველ ნახევარში. წარჩინებული მოსწავლეები გამოცდებიდან თავისუფლდებოდნენ.
გორის სამასწავლებლო სემინარიას დიდი მუსიკალური ტრადიციები ჰქონდა. მის კედლებში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები: ია კარგარეთელი, ლადო აღნიაშვილი, რომელიც შემდეგ სემინარიის გუნდსაც ხელმძღვანელობდა.
დროთა განმავლობაში გორის სამასწავლებლო სემინარიაში შემოიღეს ქართული ენის, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწვალებაც. ამ საგნის მასწავლებელები იყვენენ: ა. ქუთათელაძე, მ ყიფიანი, ნ. ლომოური და კ. არველაძე. ნიკო ლომოური 32 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენას. ამ ხნის განმავლობაში მის ხელში მრავალრიცხოვანმა მოსწაველეებმა გაიარეს.
გორის სამასწავლებლო სემინარიამ 42 წელი იარსება და 700-ზე მეტი მასწავლებელი გამოუშვა, რომელთაგან ბევრმა თავი გამოიჩინა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ასპარეზზე. გორის სამასწავლებლო სემინარიაში განათლება მიიღო ბევრმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ. ესენი იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, ლადო აღნიაშვილი, ალეექსანდრე ნათაძე, ვანო ავალიშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), თედო რაზიკაშვილი, ვანო გიუნაშვილი, ტარასი მამალაძე, ნიკო ჯანაშია, თეოფილე ხუსკივაძე და სხვები. მაგრამ მათ შორის უპირველესი მაინც ვაჟა-ფშაველაა.
ჩვენი სკოლის შენობაში შესვლისთანავე ვხვდებით ვაჟას სამყაროში. კედლებიდან გვიცქერენ ვაჟა და მისი გმირები. ცნობილია, რომ ერთხელ ვაჟას, პედაგოგ ნოვოპასკის დავალებით დაუწერია რეფერატი ლექსი ,,მერანი”, როგორც ბარათაშვილის მსოფლმხედევლობის გამომხატველი. მის მოხსენებას დასწრებია არა მარტო მოსწაველეები და მასწავლებლები, არამედ გორის საზოგადოების ნაწილიც.
გასაბჭოების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე შეიქმნა გორის პედაგოგიური სასწავლებელი, რომელშიც გრძელდებოდა სემინარაიაში არსებული ტრადიციები, ხოლო 1958 წლიდან გაუქმდა პედაგოგიური სასწავლებელი და მის ბაზაზე მუშაობა დაიწყო გორის მე-9 საშუალო სკოლამ, რომლის პირველი დირექტორი იყო უაღრესად კეთილშობილი და განათლებული პიროვნება გიორგი თავაძე. მისი ხელმძღვანელობით სკოლაში მუშაობისათვის ნორმალური პირობები შეიქმნა და ქალაქში ავტორიტეტიც მოიპოვა. გაიზარდა კონტიგენტიც. ძველი სემინარიის დროინდელი შენობა ვეღარ იტევდა მოსწავლეებს, ამიტომ მის ადგილას აიგო ახალი 3 სართულიანი შენობა და 1968 წლიდან სკოლამ ახალ შენობაში დაიწყო მუშაობა.
ძველი შენობიდან აღარაფერი დარჩენილა, მაგრამ სკოლის წინ ქუჩის სავალ ნაწილზე დღემდე ამაყად დგას ორი უზარმაზარი ხე. სკოლის ყველა მოსწავლემ იცის, რომ ეს ხეები ჩვენი დიდი წინაპარს ვაჟა-ფშაველას დაურგავს.